Experts

19 მაისი

კონტროლის პალატამ ფონდ “ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა

NEWS.GE
18-05-2012

მაი 18 18:45472

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ფონდ “ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი 17 მაისს, ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქციის განხორციელება გახდა.

კონტროლის პალატის თავიანთი გადაწყვეტილება ფონდ “ქომაგის” ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “2012 წლის 30 აპრილს, დაარსდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქომაგი”. ფონდის შექმნისა და საქმიანობის მიზნად განისაზღვრა პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული პირების ფინანსური და იურიდიული დახმარება.

გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, “ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას… საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე.

ფონდის დაფუძნებისთანავე პოლიტიკური კოალიციის “ქართულ ოცნების” ლიდერები ახდენდნენ ასოცირებას ფონდის მიზნებთან და ამოცანებთან, საჯარო გამოსვლებში საუბრობდნენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, საქმიანობის ფორმებზე, რაც საზოგადოებაში ქმნიდა მიზნების განხორციელების დამაჯერებლობას, იწვევდა საზოგადოების მხრიდან ფონდის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობასთან.

ყოველივე აღნიშნული ქმნიდა ფონდის მიზნების, ამოცანების კავშირს და პირდაპირ მიმართებას პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. რაც ასევე გამოიხატება ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში მოახდინოს “კოალიციის” პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, პარტიის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი.

აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012 წლის 14 მაისს, გააკეთა შესაბამისი განცხადება და მოუწოდა შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისკენ. 2012 წლის 17 მაისს, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წევრი და მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა დაკავშირებული “ქართული ოცნების” გეგმებთან, განხორციელდა 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია. აღნიშნული ტრანზაქცია, ისევე როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და დააყადაღოს აიპ “ფონდი ქომაგის” ანგარიშები. აგრეთვე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები”,-აღნიშნულია კონტროლის პალატის ინფორმაციაში. დღესვე, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, საქველმოქმედო ფონდ “ქომაგის” ხელმძღვანელი ია მეტრეველი,რომელიც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებას უკანონობად მიიჩნევს. როგორც ია მეტრეველმა განაცხადა, ბიძინა გიორგობიანი “კონსერვატიული პარტიის” წევრი დიდი ხანია აღარაა და აქედან გამომდინარე, ის “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული პირი არ შეიძლება იყოს. მისივე განმარტებით, ანგარიშების დაყადაღების თაობაზე ფონდს კონტროლის პალატისგან შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

“უფრო ვრცლად, თუ რას ვაპირებთ და როგორ ვუპასუხებთ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას, ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდეგ ვისაუბრებთ”, – აღნიშნა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს ფონდი ”ქომაგი”დაფუძნდა, რომელიც პოლიტიკური მოტივით დევნილებს და რეპრესირებულებს 1500-დან 5000-ლარამდე დახმარებას გაუწევს. ფონდი მათ იურიდიულ დახმარებასაც გაუწევს. წინასაარჩევნო მსგავსი ფონდის შექმნა საეჭვოდ მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აღნიშნეს, რომ შესაძლოა მოქალაქეების ამ სახით დახმარებამ მოსყიდვის პრეცენდენტი გააჩინოს. იმავე დღეს ეჭვები გამოთქვეს კონტროლის პალატაშიც.

უწყებაში ამბობდნენ, რომ ”ქომაგის” მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა დაირღვეს. ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობდნენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

www.news.ge

საფრანგეთის ახალი პრემიერის გვარი არაბულად ჟღერს როგორც “მისი ასო”

თბილისი 12:53 – 18.05.12 “ჯი-ეიჩ-ენი”

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ არაბულ მედიასაშუალებებს პრობლემები შეუქმნა. მისი გვარი არაბული ტრანსკრიპციით ისევე იწერება, როგორც საჯაროდ არასასურველად წარმოსათქმელი სიტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

“პრემიერის გვარი ფრანგულად იწერება როგორც Ayrault. ხოლო თუ მას არაბულად დაწერ ნიშნავს – “მის ასოს”, – წერს გამოცემა.

ამის გამო არაბ ჟურნალისტებს გვარის ოდნავ მაინც მისადაგებისთვის, მოუწიათ გამოსავლის ძებნა, რათა უხერხულობა არ შეექმნათ ახალი პრემიერის საზოგადოებისთვის “გაცნობის” დროს.

რადიკალური გადაწყვეტიილება გახდა საერთოდ მის გვარზე უარის თქმა და მას მხოლოდ ჟან-მარკად მოიხსენიებენ. სხვებმა გადაწყვიტეს ცოტათი დაემახინჯებინათ პრემიერის გვარი ეირო აიროდ, აროდ ან აიგროდ გადააკეთეს.

http://www.ghn.ge/news-66761.html

პატიმარი მამაკაცი: “ციხის ადმინისტრაციამ ე.წ. დუბინკით მოახდინა ჩემი გაუპატიურება”

NEWS.GE

მაისი 18 14:40413

“სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ დასჯას და იქ მყოფი პატიმრის პეტრე ოვანოვის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კოკა კვინიკაძემ და ლადო მაჭარაშვილმა განაცხადეს, პატიმარი პეტრე ოვანოვი დაწესებულების ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობით, თებერვალში ხელკეტით გააუპატიურეს. მათი თქმით, ამის შესახებ ორგანიზაციამ “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წერილი თავად პეტრე ოვანოვისგან მიიღეს.

“დაწესებულების თანამშრომელები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას. შემოვლის დროს მე, პეტრე ოვანოვს, მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა, ანუ ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ, რადგან აქაურ თანამშრომლებთან კონფრონტაციისა და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, აბსოლუტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს. მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს, არანაირი ადამიანური ღირსების საზღვარში არ თავსდება. კერძოდ, იქ მყოფმა პიროვნებებმა არადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. დუბინკით მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ, რომ თუკი ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ. შემდეგ ისევ მცემეს, რის შემდეგაც გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი გათენებული იყო. 16 დღე ვიმყოფებოდი აბსოლუტურ იზოლაციაში და უკიდურესად სასოწარკვეთილებაში”, – აღნიშნულია პეტრე ივანოვის წერილში.

პეტრე ივანოვი წერილში ასახელებს დაწესებულების ხელმძღვანელობის გვარებს.

მისი თქმით ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები ლევან ლეჟავა, გიორგი ფანჯიკიძე და დიმა ჩხეიძე უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.

“ამის გახმაურება, რაც თქვენ გაცნობეთ, არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად”, – აღნიშნულია პეტრე ოვანოვის წერილში.

კვინიკაძისა და მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სახალხო დამცველს და პატიმარ პეტრე ოვანოვთან ომბუდსმენის წარმომადგენლების შეხვედრა მოსთხოვეს.

როგორც „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ წარმომადგენელმა კოკა კვინიკაძემ განაცხადა, პეტრე ოვანოვის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ეცნობება.

პატიმართა უფლებათა დაცვის საქველმოქმედო ფონდის იურისტის ლადო მაჭარაშვილის თქმით, წერილის მიღებისთანავე გაემგზავარა ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულებაში და პეტრე ოვანოვი მოინახულა, რომელიც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და შველას ითხოვს.

www.news.ge

“პირველი სტერეოს” შენობა დავით ზილფიმიანსა და თანამშრომლებს ბლოკირებული აქვთ

IPN.GE
18-05-2012

21:19 18-05-2012

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” შენობა არხის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებულ დავით ზილფიმიანსა და თანამშრომლებს ბლოკირებული აქვთ .

აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ყოფილმა დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მან არხის ახალი ხელმძღვანელის, ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ტელეკომპანიის შენობა დაატოვებინა.

“პირველ სტერეოში” არეულობა დაახლოებით 18:00 საათისთვის დაიწყო, როცა არხის შენობა დაცვის სამსახურ “ინტერსექიურითი ჯორჯიას” თანამშრომლებმა დაიკავეს.

მათი განცხადებით, ადგილზე განთავსების ბრძანება სწორედ ვასილ კობაიძისგან მიიღეს. თავად ზილფიმიანის თქმით, გუშინ, მის მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ის თანამდებობიდან გადააყენეს ისე, რომ ტელეკომპანიის მეწილეებს ამ საკითხზე არც კი უმსჯელიათ.

“ჩემი ჩანაცვლება უკანონოდ მოხდა, რადგან დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მეწილეების 67 %-ის თანხმობა სჭირდება, ვასილ კობაიძე კი, ტელეკომპანიის 65 %-ს ფლობს.

არხს კობაიძისა და ჩემს გარდა ჰყავს კიდევ ორი უცხოელი – იტალიელი მეწილე, რომლებიც მომხდარის საქმის კურსში არ არიან”, – განუცხადა ზილფიმიანმა ჟურნალისტებს.

მისივე მტკიცებით, კობაიძის უკან რეალურად დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი დგას.

“კობაიძე ბეჟუაშვილის დის ქმარია. მან კობაიძის სახელზე “სტერეოში” საკუთარი წილი მას შემდეგ გააფორმა, რაც ახალი კანონმდებლობით ბეჟუაშვილს ტელეკომპანიაში წილების ფლობა ეკრძალებოდა. ახლა კი, ჩემი მოშორება სურთ და თანამდებობიდან ისე გადამაყენეს, რომ დანარჩენი მეწილეები საქმის კურსში არ ყოფილან”, – აღნიშნა ზილფიმიანმა.

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” დირექტორის შესახებ ახალი ჩანაწერი გაჩნდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის საიტზეც, სადაც გუშინდელი დათარიღებით მითითებულია, რომ არხს არა დავით ზილფიმიანი, არამედ ვასილ კობაიძე ხელმძღვანელობს.

www.ipn.ge

გამოკითხულთა 69.9% დავით გარეჯის პრობლემაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს

IPN.GE
18-05-2012

10:48 18-05-2012

“ინტერპრესნიუსმა” დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე თავის ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა .

კითხვაზე – “დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა” ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 69.9% – საქართველოს ხელისუფლებას; 4.1% – აზერბაიჯანის ხელისუფლებას; 22,2% – ორივეს თანაბრად; 3,8% – მიჭირს პასუხის გაცემა; გამოკითხვა 16-17 მაისს მიმდინარეობდა.

მასში მონაწილეობა 1065 ადამიანმა მიიღო.

www.ipn.ge

საქართველოში 4.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

IPN.GE
18-05-2012

18:59 18-05-2012

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ  4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 20 კილომეტრში, 50 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

www.ipn.ge

18 მაისი

„თავისუფალი საქართველოს“ ვებ-გვერდმა პარტიებს შორის რეიტინგის რეკორდი მოხსნა

17-05-2012

უკანასკნელი მონაცემებით, პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდებს შორის ყველაზე პოპულარული პარტია „თავისუფალი საქართველოს“(თავმჯდომარე– კახა კუკავა) საიტია:

http://www.top.ge/stats.php?ID=66859

მხოლოდ გუშინ, 17 მაისს, “თავისუფალი საქართველოს’ საიტს 1741 უნიკალური  ვიზტორი ჰყავდა. შედარებისთვის რესპუბლიკური პარტიის საიტს– 94, ახალ მემარჯვენეებს კი–99 უნიკალური ვიზიტორი სტუმრობდა.

პარტიის ვებ-გვერდის ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 29.03.2011 -18.05.2012 პერიოდში, ანუ მხოლოდ თვენახევარში–  184.036-ს უდრის, რაც რეკორდული მავენებელია  პოლიტიკური პარტიებს შორის.

www.freegeorgia.ge

ვაშინგტონი თბილისს მოუწოდებს, თეირანთან მიმართებაში სანქციები შემოიღოს

IVERONI.COM.GE

18/05/12 16:10

აშშ-ის ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით, “ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს”.

ამ საკითხზე ელჩი EurasiNet.org-ს ესაუბრა, რომელმაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას სტატია მიუძღვნა.

“ვაშინგტონი ირანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს მართავს და მოუწოდებს მას, შემოიღოს სანქციები, რომელიც 2012 წლის “ეროვნული თავდაცვის აქტის” 1245-ე მუხლით არის განსაზღვრული. სხვა ზომებთან ერთად, 1245-ე მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, შეაჩეროს ან შეზღუდოს იმ უცხოური ბანკების წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემებთან, რომლებიც ირანის ცენტრალურ ბანკთან ან ისლამური რესპუბლიკის გარკვეულ ფინანსურ დაწესებულებებთან ოპერაციებს ახორციელებენ” – წერს EurasiNet.org.

აღსანიშნავია, რომ ირანის საკითზე დასმულ კითხვას ამერიკის ელჩმა საჯარო ბიბლიოთეკაში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პრეზენტაციაზეც უპასუხა. მისი თქმით, “აშშ სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ირანთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციის ფარგლებში დაწესებული სანქციები დაიცვან”.

“აშშ სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ოფიციალურ თეირანს გაერო-ს რეზოლუციების შესრულებისკენ თავადაც მოუწოდონ და ამასთანავე, ირანის ხელისუფლების მიმართ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ” – განუცხადა გუშინ ქართველ ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა.

Eურასიანეტ-ის მონაცემებით, საქართველოში ირანის მოქალაქეებისთვის საბანკო ოპერაციებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. როგორც ინტერნეტ-გამოცემას ირანის თბილისში მომუშავე მოქალაქემ განუცხადა, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კერძო “თი-ბი-სი” ბანკმა მას მიმდინარე ანგარიშის გახსნაზე უარი განუცხადა, თუკი შენატანი 50 000 დოლარზე ნაკლები იქნებოდა.

“მიზეზად ბანკმა ფინანსური მიზანშეუწონლობა დაასახელა, რაც სახსრების წარმომავლობის შემოწმების აუცილებლობასთან არის დაკავშირებული. ანალოგიურ ისტორიებს სხვა პირებიც, მათ შორის აშშ-ის ირანული წარმოშობის მოქალაქეც ყვებიან” – წერს EurasiNet.org და აქვე დასძენს, რომ ყველა ირანელი მას ვინაობის ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას “თი-ბი-სი” ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ “ბანკის პოლიტიკა იმ კლიენტების მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ეფუძნება რისკების შეფასებას და საერთაშორისო წესებსა და რეკომენდაციებს, რომელიც ზოგჯერ შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.”

კერძო ქართული ბანკის სხვა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, EurasiNet.org-ს განუცხადა, რომ ისინი ირანელებს ისეთ ძირითად მომსახურებას სთავაზობენ, როგორიცაა ვალუტის კონვერტაცია და ქართული სახელმწიფო გადასახადების გადახდა.

“ყველა სხვა შემთხვევაში ბანკი ცდილობს, ირანული პასპორტების მფლობელებთან ოპერაციებში არ ჩაერთოს, რათა ამერიკის ფინანსთა სამინისტროსთან შესაძლო პრობლემები თავიდან აიცილოს” – განაცხადა, გამოცემის მტკიცებით, ბანკის წარმომადგენელმა. ეროვნულ ბანკში კი, როგორც EurasiNet.org ირწმუნება, მის ჟურნალისტთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

www.iveroni.com.ge

სააკაშვილი – საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს

10:41 18-05-2012
საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა არც თუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია გაიხსენა, როცა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანა ახლა “მნიშვნელოვან ნიშნულამდე” მიიყვანა.
“საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. ის ითვლებოდა ყველაზე კრიმინალურ ადგილად. ჩვენ უამრავი რეფორმა გავატარეთ, შედეგად კი ასეთმა პატარა ქვეყანამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. ევროკავშირის ბოლო სამი წლის კვლევების მიხედვით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში, ჩვენ უსაფრთხო საზოგადოებას წარმოვადგენთ. ჩვენთან 60-70 %-ით ნაკლები კრიმინალია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში და უხეში გათვლებით, 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე რუსეთში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია მენტალური რევოლუცია.
“თუკი პოლიციისადმი ნდობა ადრე 5% იყო, ახლა 90%-ია, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უსწრაფესი რეგისტრაციის სააგენტო, საკუთრების დარეგისტრირების ყველაზე სწრაფი სისტემა, უსწრაფესი საბაჟო პროცედურები მსოფლიოში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს სურს იყოს რეგიონისა და მსოფლიოსთვის სანიმუშო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/201582-mikheil-saakashvili-saqarthvelo-evropashi-yvelaze-usafrthkho-sazogadoebas-tsarmoadgens.html

სააკაშვილი – მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა


18-05-2012

10:08 18-05-2012

მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მთავრობის მმართველობის სტილზე ისაუბრა.

“მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება. იგივე ეხება პარლამენტსაც. ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კონკრეტული პარლამენტარი. იგივე ხდება არმიის, მთავრობის შემთხვევაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მაგალითისთვის, პრეზიდენტმა პოლიციის რეიტინგი დაასახელა, რომელსაც მისი თქმით, მოსახლეობის 90 % ენდობა.

“პოლიციის ნდობა 90 %-ია და ეს უფრო მაღალია, ვიდრე პოლიციის რომელიმე ხელმძღვანელის, ან მინისტრის მიმართ. რაც მოხდა, ესაა ინსტიტუციონალური ცვლილება”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ის 20-21 მაისს ჩიკაგოში, ნატოს სამიტს დაესწრება.

პირველწყარო: www.ipn.ge