ირაკლი ალასანია პარტიის ახალ სახეებსა და პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურულ ცვლილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს |
|
| (3 სექტემბერი, 2010) | |
14:57 03-09-2010
ირაკლი ალასანია პარტიის ახალ სახეებსა და პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურულ ცვლილებებზე მომავალ კვირაში ისაუბრებს .
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა განუცხადა, მისი პარტია იმ გეგმით მიდის, რა გეგმაც დასახეს და მომავალ კვირაში რეგიონში პარტიის პირველი დიდი ორგანიზაცია დაფუძნდება.
“ჩვენი პარტიის პირველი რეგიონული ორგანიზაცია ზუგდიდში დაფუძნდება. ამის მერე საქართველოს ყველა რეგიონში ვაპირებ პირადად ჩასვლას, მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთან ერთად ადგილობრივი პარტიული ლიდერების შერჩევას”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მისმა ახალგაზრდა პარტიამ საქართველოს რეგიონები მთლიანად მოიცვას.
“გარდა ამისა, ცვლილებაა პარტიის სტრუქტურაში, გადახალისება იქნება ხელმძღვანელობაშიც, რაზეც საზოგადეობას მომავალ კვირას ვაცნობებთ. ასევე, ვაპირებთ, საზოგადეობას საკონსტიტუციო რეფორმასთან, ფასების ზრდასთან და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გავაცნოთ და, რაც მთავარია, გამოსავალიც შევთავაზოთ”, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები”, საქართველოს რეგიონების გარდა, საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას საზღვარგარეთაც გეგმავენ.
“ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოქალაქეების ყოფას და ბედს საზღვრებს გარეთ. აუცილებლობად მიგვაჩნია, ისინი ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ქართული დიასპორების დახმარებით, ნოემბერში ვაპირებთ ჩვენი სტრუქტურები აშშ-სა და ევროპაშიც გავხსნათ”, – განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, დასახული გეგმის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებაზეც იმუშავა.
“არჩვნების შემდეგ გაჩნდა ინტერესი ბიზნესწრეების მხრიდან, რომ დახმარება აღმოუჩინონ იმ პარტიას, რომელმაც ამ პირობებში ჩატარებულ არჩევნებში მაღალი შედეგი აჩვენა. ჩვენში ხედავენ იმ ძალას, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის სერიოზულ ალტერნატივად ჩამოყალიბდება. არის სურვლი, იყოს მხარდაჭერა. ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მათთვის პოლიტიკურ გარანტიებზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ალასანიამ.