ლავროვის უწყების მტკიცებით, საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასამყარებლად კომპრომისულ გზებს არ ეძებს |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
11:24 – 30.07.2010
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარებას ჯიუტად არ ეთანხმება და კომპრომისულ გზებს არ ეძებს.
ამის შესახებ რუსეთის დიპლომატიური უწყების მიერ ჟენევის მოლაპარაკების მე-20 რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჟენევის მოლაპარაკებთა მორიგმა რაუნდმა აჩვენა, რომ ქართული მხარის პოზიცია ძველებურად არაკონსტრუქციულია. საქართველო ჯიუტად არ ეთანხმება და არ ეძებს კომპრომისულ გზებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარებას მოემსახურებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ლავროვის უწყება საქართველოს მიერ დევნილებთან დაკავშირებით გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებითაც გამოხატავს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ იგი არაკონსტრუქციულ კონტექსტში ჯდება.
“თბილისის ეს დემონსტრაციული აქცია აისახა ჟენევის მოლაპარაკებათა ატმოსფეროზე, რაც აშკარად არ უწყობს ხელს კავკასიაში ვითარების ნორმალიზებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის კონსულტაციების მორიგი რაუნდი 27 ივლისს გაიმართა, რომელზეც რუსულმა მხარემ, ცხინვალის რეჟიმთან ერთად, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმება კვლავ მოითხოვა. თუმცა, დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, ასევე აშშ-ის დელეგაციამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.