Experts

რუსეთი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის მოცულობას ზრდის

(3 სექტემბერი, 2010)

18:43 – 03.09.2010

შესაბამისი ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარსა” და რუსულ “გაზპრომს” შორის დღეს, ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კონტრაქტის თანახმად, 2011 წლიდან რუსეთში ექსპორტირებული აზერბაიჯანული გაზის რაოდენობა 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, 2012 წლიდან კი 2 მლდ კბ/მეტრს გადააჭარბებს.

“დღეს კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის ექსპორტის შესახებ გაფორმებული კონტრაქტის პირობები განვიხილეთ და ექსპორტის მოცულობის გაზრდაზე შევთანხმდით. ეს ჩვენი საბაზისო კონტრაქტის პირობებს არ ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, ექსპორტირებული გაზის რაოდენობის ზედა ზღვარი დაწესებული არ გვაქვს. ტერიტორიული სიახლოვის, სატრანზიტო ზონების არარსებობისა, ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი ორივე მხარისთვის კომერციულად მომგებიანია”, – განაცხადა “გაზპრომის” წარმომადგენელმა ალექსეი მილერმა.

აღსანიშნავია, რომ შუალედური კონტრაქტი, რომელიც “გაზპრომსა” და “სოკარს” შორის გასული წლის 14 ოქტომბერს გაფორმდა, ითვალისწინებს, რომ 2010-2014 წლებში აზერბაიჯანული მხარე რუსეთში მიაწვდის გაზს, არანაკლებ 500 000 მლნ კუბური მეტრისა, ხოლო ექსპორტის მაქსიმალურ რაოდენობაზე კონტრაქტში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი რუსეთში ამა წლის 1 იანვრიდან დაიწყო.



Опубликовать в LiveJournal