რუსული მხარე საქართველოს “არაკონსტრუქციულ მიდგომებზე” საუბრობს |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
10:12 30-07-2010
რუსული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს “არაკონსტრუქციულ მიდგომებზე” საუბრობს .
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთ სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდს ეხება.
“ჟენევის მოლაპარაკებთა მორიგმა რაუნდმა აჩვენა, რომ ქართული მხარის პოზიცია ძველებურად არაკონსტრუქციულია. საქართველო ჯიუტად არ ეთანხმება და არ ეძებს კომპრომისულ გზებს, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარებას მოემასხურებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება თავის პოზიციას გამოხატავს საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტის – “დევნილების მდგომარეობის, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მათი გადაადგილების შესახებ” და აცხადებს, რომ ეს რეზოლუციაც არაკონსტრუქციულ კონტექსტში ჯდება.
“თბილისის ეს დემონსტრაციული აქცია აისახა ჟენევის მოლაპარაკებათა ატმოსფეროზე, რაც აშკარად არ უწყობს ხელი კავკასიაში ვითარების ნორმალიზებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 14 ოქტომბერს გაიმართება.
27 ივლისის შეხვედრაზე კი, რუსულმა მხარემ, ცხინვალის რეჟიმთან ერთად, კვლავ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმება მოითხოვს. თუმცა, დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, ასევე, აშშ-ს დელეგაციამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.
პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის რეჟიმის ლიდერის წარმომადგენლის, ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ამგვარი პოზიციით უკმაყოფილო ცხინვალმა და სოხუმმა შესაძლოა, დახმარებისთვის საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართონ.