სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა ცოტნე გამსახურდიამ დანაშაული ჩაიდინა |
|
| (8 ივლისი, 2010) | |
18:46 07-07-2010
ცოტნე გამსახურდიას დღეს ქრთამის მიცემის მუხლით ბრალი წაუყენეს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ფარულად ჩაწერილი ვიდეომასალა, სადანაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს გამსახურდია სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელს წერილის წაღებას და ინფორმაციის გადაცემას ვინმე კახასთან. სამინისტრომ გაავრცელა ასევე ვიდეომასალა, სადანაც ჩანს, რომ სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი ვინმე კახას როგორ გადასცემს წერილს ვინმე მანანასთვის გადასაცემად.
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ამირან აბუაშვილის განცხადებით, პირმა, რომელსაც სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი შეხვდა, მას ქრთამის სახით 500 ლარი გადასცა.
გამსახურდიამ ქრთამი დაწესებულების თანამშრომელს 7 ივნისს შესთავაზა, თანამშრომლის შეხვედრა წერილის გადასაცემად კი 13 ივნისს შედგა. გამსახურდიას ბრალი 339-ე მუხლით დღეს წაუყენეს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამსახურდია სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. იგი მკვლელობის მცდელობაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაშია მსჯავრდებული და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.