ტყის ხანძრებმა რუსეთში 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
11:06 30-07-2010
ტყის ხანძრების გამო რუსეთში 10-მდე ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 900-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი .
“რია ნოვოსტის” ცნობით, ყველაზე მეტი სახლი ნიჟეგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში დაიწვა. ნიჟეგოროდის ოლქის სოფელ კავლეიში მხოლოდ დღეს 25 სახლი განადგურდა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნიჟეგოროდის ოლქში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსული სააგენტოების ცნობით, პუტინი თათბირს გამართავს, რომელსაც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა უწყებათა ხელმძღვანელები დაესწრებიან.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობას დაავალა, სასწრაფო დამატებითი ზომები მიიღონ ხანძრის ჩაქრობისთვის. მან, ასევე, გასცა განკარგულება დაზარალებულებისთვის ფინანსური დახმარების შესახებ.
რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ხანძრის ლოკალიზებას 30 სხვადასხვა ადგილზე ცდილობენ.
ხანძარი მძვინვარებს ვორონეჟის, მოსკოვის, რიაზანის ოლქებში. ასევე – ვლადიმირის, ივანოვოს, პენზეს, ტვერის, როსტოვის, უდმურტიის, მორდოვიის ოლქებსა და კომის რესპუბლიკაში.
რუსული სააგენტოების ცნობით, ყველაზე სერიოზული ვითარებაა ნიჟეგოროდის და ვორონეჟის ოლქებში.
ამასთან, უწყლობის გამო რუსეთის 27 რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.