Experts

“ქართული აკადემია” “ეროვნული ფორუმის” ინიციატივას გამოეხმაურა

(4 ივნისი, 2010)

“ქართული აკადემია” სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის ერთადერთ, ქვეყნისა და ხალხისათვის უსაფრთხო გზად მიიჩნევს მშვიდობიან, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეულ ბრძოლას, რომელიც სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვებით უნდა დასრულდეს. სულ უფრო მზარდი საგარეო საფრთხეების, ხოლო ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრის უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში ამ გზას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ასე ვფიქრობდით 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ასე ვფიქრობთ დღესაც.

30 მაისის ფალსიფიცირებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების მთავარ ინსტრუმენტად რჩება ძალადობა, პირდაპირი მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა, ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი, საზოგადოებაში ტოტალური შიშისა და უიმედობის დანერგვა.

“ქართული აკადემია” მადლიერებას გამოხატავს იმ ჭეშმარიტი ოპოზიციური ძალების მიმართ, რომლებიც არ შეუშინდნენ ხელისუფლების გამოწვევას და ჩაებნენ ამ უთანასწორო ბრძოლაში, რითაც ნათლად დაანახეს რეჟიმს, რომ საზოგადოება და მისი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ორგანიზაციები არასდროს შეურიგდებიან უსამართლობას, ცინიზმს, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ინტერესების გათელვას.
დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის მეტი ერთსულოვნების, კონსოლიდაციისა და ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის შემთხვევაში ამ უსამართლო არჩევნების შედეგი სხვაგვარი იქნებოდა. საჭირო იყო მხოლოდ იმ უტყუარი ფაქტის აღიარება, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთს ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი. ამ შემთხვევაში საზოგადოების კიდევ უფრო დიდ ნაწილს გაუჩნდებოდა რწმენა და მოტივაცია საარჩევნო ყუთებთან მისასვლელად და ვერც გაყალბებული ეგზიტპოლების ავტორები გაბედავდნენ უგულავასა და ნაცმოძრაობისათვის 60-პროცენტიანი მხარდაჭერის დადასტურებას.

აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა, ვერც ჩვენ, მათმა მხარდამჭერებმა, ვერ უზრუნველვყავით საზოგადოების სათანადო მოტივირება და საარჩევნო კამპანიის დროს ვერ შევძელით საზოგადოებაში გამეფებული შიშისა და ნიჰილიზმის დაძლევა.

“ქართული აკადემია” ვალად მიიჩნევს, გულწრფელი პატივისცემითა და მადლიერებით შეეხმიანოს იმ ადამიანებს, რომლებიც არ შეეპუენ უიმედობის, შიშისა და ბინძური გარიგებების ატმოსფეროს, მივიდნენ არჩევნებზე და პატიოსნად გამოხატეს საკუთარი ნება. ასეთი მოქალაქეების სიმრავლე სტიმულს გვაძლევს მომავალი ბრძოლებისათვის.

დღეს არ არის მოდუნების, ხელების ჩამოშვებისა და ნიჰილიზმის დრო.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ოპოზიციური ძალების გაერთიანება სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სამართლიანი საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურების სწორი რეგლამენტაციის, ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენების და სხვა მანკიერებათა აღმოფხვრისათვის. ამით ჩვენ დავიბრუნებთ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის საარჩევნო ინსტრუმენტს, რომელიც მთლიანად უზურპირებული აქვს სააკაშვილს და ქვეყანას ნორმალური განვითარების პერსპექტივასაც გავუჩენთ. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით ოპოზიციას უკვე გადადგმული აქვს სერიოზული ნაბიჯი. მხედველობაში გვაქვს ათი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ორიოდე თვის წინათ ხელმოწერილი დოკუმენტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ.
“ქართული აკადემია” მოუწოდებს ხელმომწერ პარტიებსა და პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლად განვაახლოთ კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლა ის თემაა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტისათვის, მთელი საზოგადოებისა და ჩვენი ერთობლივი ბრძოლისათვის ქვეყნის დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ.

“ქართული აკადემია”
03.05.2010

http://forumi.ge/index.php?option=com_cont…&Itemid=177

——————–



Опубликовать в LiveJournal