Experts

ქართული საფეხბურთო კლუბები ბიზნეს-სექტორის მმართველობაში გადადიან

(11 ივლისი, 2010)

14:20 – 11.07.2010
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბები ბიზნეს-სექტორის მმართველობაში გადადიან. არც თუ ისე წარმატებულ და ნაკლებად პერსპექტიულ საფეხბურთო კლუბებზე პატრონაჟი ბიზნესმა “იძულებითი ნებაყოფლობითა და თანხმობით” საკუთარ თავზე აიღო.

როგორც “პირWელს” ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე 10 საფეხბურთო კლუბიდან მხოლოდ ოთხია კერძო საკუთრებაში, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებები დანარჩენი კლუბების პრივატიზებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ კლუბების შესყიდვის სურვილი ბიზნეს-კომპანიებმა თავად გამოთქვეს.

ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თათა ბურდულის თქმით, მსხვილ ბიზნეს-კომპანიებს კლუბები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემათ. ამასთან, კონტრაქტის თანახმად, კომპანიები ვალდებული არიან კლუბს პროფილი არ შეუცვალონ და კლუბის უეფა-ს ლიცენზირების პროგრამის მიხედვით განვითარებაზე იზრუნონ, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ინვესტიციის რაოდენობა კი ყველა კლუბისთვის განსხვავებულია.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ კომპანია “ვისოლი”, ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი გახდა. “ტორპედო” კომპანიამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეიძინა. თუმცა აღებული ვალდებულების მიხედვით, მან კლუბის განვითარებისთვის ყოველწლიურად 2.5 მლნ ლარი უნდა გაიღოს. ასევე, “ვისოლი” ვალდებულია კლუბს პროფილი არ შეუცვალოს.

კიდევ ერთი ნავთობკომპანია “სოკარი” სავარაუდოდ, ბოლნისის სიონის მფლობელი გახდება. “პირWელის” ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები თითქმის დასრულებელია და შეთანხმებაც ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” მფლობელი სავარაუდოდ, კომპანია “ჯეოსელი” გახდება. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფოთის “კოლხეთის” ირგვლივაც. “პირWელის” ინფორმაციით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე ფოთის “კოლხეთის” დაფინანსებას.

როგორც სააგენტოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, საფეხბურთო კლუბების სახელმწიფოს საკუთრებიდან გაყვანა უეფა-ს მოთხოვნა იყო.

“არცერთ ევროპულ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბები სახელმწიფო საკუთრებაში არ არის. საქართველოს მიმართ უეფა-ს მოთხოვნაც ყოველთვის იყო, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რაც შეიძლება, ცოტა კლუბი ყოფილიყო. მაშინ, როცა საქართველოში ბიზნესს ძალიან უჭირდა, სახელმწიფომ კლუბები თვითონ შეინახა და ახლა, როცა ბიზნესი ფეხზე დადგა, მათ კლუბების შეძენის სურვილი თვითონ გამოთქვეს”, – განუცხადა “პირWელს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თათა ბურდულმა.

როგორც ჩანს, ქართული საფეხბურთო კლუბების ბიზნეს-სექტორისთვის ჩაბარების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება “დინამოს”, მისი შესაძლო გაყიდვა ხმაურის გარეშე არ ჩაივლის. რამდენიმე დღის წინ “პირWელმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დინამოს” შესყიდვით რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი იყო დაინტერესებული. სააგენტოს კომპეტენტური წყაროს ცნობით, აბრამოვიჩის ქართველი პარტნიორი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თავკაცი მერაბ ჟორდანიაა. თავად ჟორდანია ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com…07&Itemid=1



Опубликовать в LiveJournal