Experts

“ეროვნული ფორუმის” განცხადება

(1 მაისი, 2010)

პ/გ “ეროვნული ფორუმი” მიესალმება საზოგადოების წარმომადგენელთა ინიციატივას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სახალხო კრების ორგანიზების შესახებ.

ვფიქრობთ, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია ქართველი ერის კონსოლიდაციისაკენ გადადგმული ნაბიჯი გახდეს. სახალხო კრება იქცევა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური მოვლენად, თუკი მასზე ხალხი არა მხოლოდ ვერდიქტს გამოუტანს სააკაშვილის რეჟიმს, არამედ კრებაზე საზოგადოება და პოლიტიკური ძალები გააფორმებენ დიდ შეთანხმებას ძირითად საკითხზე – როგორი უნდა იყოს პოსტსააკაშვილისეული საქართველო.

ეს შესაძლებელი გახდება, თუ თავად სახალხო კრების მომზადებისა და მოწვევის პროცესში, დღევანდელ ინიციატორებთან ერთად, ჩაერთვებიან საქართველოში მოქმედი ძირითადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები. მოხარული ვიქნებით, თუკი საქართველოს პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი, დააფიქსირებენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ იდეის შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ სახალხო კრების მომზადების პროცესის დაწყება, ამ მიმართულებით საქმიანობას გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებაში არსებული გათიშულობისა და უიმედობის გადალახვასა და დაძლევას.

პ/გ “ეროვნული ფორუმი” მზად არის, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს როგორც “სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერთა დარბაზთან”, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.



Опубликовать в LiveJournal