1 ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
13:34 – 30.07.2010
ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაკვალიფიცირებული დანაშაული, რომელიც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს, თბილისის მასშტაბით ნაფიცმსაჯულების განსახილვევი იქნება და გადაწყვეტილების მიღება სწორედ მათი ვერდიქტის საფუძველზე მოხდება.
2012-2014 წლებში კი ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებული დანაშაული უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით განიხილება.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, აღნიშნული ინსტიტუტის წარმატებით დამკვიდრების შემთხვევაში ნაფიცმსაჯულები ისეთ საქმეებს განიხილავენ, როგორებიცაა გაუპატიურება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით კვალიფიცირდება და სულიერი აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა, რომელის 111-ე მუხლით კვალიფიცირდება.
109-ე მუხლთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი დეტალი: განსასჯელ პირს უფლება ექნება უარი თქვას ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურორის თანხმობა იქნება საჭირო, თუმცა თუ განსასჯელი თანახმაა, რომ მისი საქმე ნაციფმა მსაჯულებმა განიხილონ, ამ შემთხვევაში პროკურატურის თანხმობა აუცილებელი არ იქნება.
რაც შეეხება განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებულ პროცედურას, ნაფიცმსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანა ერთხმად ხდება, თუ ეს ვერ მოხერხდა, ნაფიცმსაჯულებს უფლება აქვთ სათათბირო ოთახში დამატებით ორჯერ გამართონ თათბირი, თუმცა თუ ვერდიქტზე მაინც ვერ შეთანხმდებიან, საქმეს კვლავ სხვა ნაფიცმსაჯულთა შემადგენლობა განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ განაჩენს ვერც ნაფიცმსაჯულთა ახალი შემადგენლობა გამოიტანს, განსასჯელის მიმართ გამართლებელი განაჩენი დგება.
ვერდიქტი კონფიდენციალურია და სათათბირო ოთახში მიღებული გადაწყვეტილება და დეტალები საიდუმლოდ რჩება. ამ პირობის შესრულებას კანონი ყველა ნაფიცმსაჯულს ავალდებულებს.