ივანიშვილი: “რესპუბლიკელები” დღეს პოპულარულები არ არიან და ეს მათი უმთავრესი პრობლემაა” |
|
| (6 თებერვალი, 2012) | |
![]() |
![]() |
| 13:39 – 06.02.2012 | |
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “რესპუბლიკელებს” ლოკალური შეცდომები აქვთ, მაგრამ ისინი ყველაზე ძველ და თანმიმდევრულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ”. ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილში განაცხადა, რომელიც ოპოზიური პოლიტიკური პარტნიორების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. “საზოგადოების მოლოდინი რაღაც ახლისკენაა მიმართული. ახალი სახეების გამოჩენას ელის ყველა და ასე შემდეგ.. ბევრის მხრიდან ამაზეც მიდის აპელირება.. ჩვენ რეალობას ვერ მოვწყდებით და კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ისეთნი, როგორებიც ვართ. პოლიტიკური ისტებლიშმენტიც დამხვდა ისეთი, როგორიც დამხვდა. მე ჩემის მხრივ ახალი სახეების შემოყვანას ვცდილობ და ეს ცოტა ხანში უფრო კარგად გამოჩნდება. რაც შეეხება ძველ სახეებს, მე შემიძლია, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე დაგიხასიათოთ. დავიწყოთ “რესპუბლიკელებით”, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ. პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და მათ ჩემეულ დახიასიათებას. მათთვისაც არ მითქვამს, რასაც ახლა ვიტყვი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძველი და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ლოკალური შეცდომებიც აქვს, მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულ და შეგნებულად უპასუხისმგებლო ქმედებებში მე ისინი არ შემიმჩნევია. თითოეული წევრის მიერ პატარა, ლოკალურ შეცდომებზე შენიშვნების გაკეთება შემიძლია, მაგრამ ვიმეორებ, რომ ძალიან მკვეთრ, უარყოფით ქმედებებს მათ ნაბიჯებში ვერ ვხედავ, აი, მაგალითად ისეთს, როგორი ნაბიჯებიც შალვა ნათელაშვილს აქვს და რომელიც ამ ხელისუფლებას ნაყიდი აქვს! ასევე “მემარჯვენეები”, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში პრინციპებს უღალატეს”, – განაცხადა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “დღეისათვის “რესპუბლიკელების” პრობლემა მათი არაპოპულარობაა”. “რესპუბლიკური პარტიის” მთავარი პრობლემა რაშია, იცით? “რესპუბლიკელები” დღეს პოპულარულები არ არიან და ეს მათი უმთავრესი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ამას მეც ვხედავ”, – აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დაეთანხმა ჟურნალისტის შენიშვნას, რომ “რესპუბლიკლები” პოპულარულები არც არასდროს ყოფილან”. “გეთანხმებით, ისინი არც არასდროს ყოფილან პოპულარულები და არც არასდროს ჰქონიათ დიდი რეიტინგი. რა ხდება, რატომ ავირჩიე ურეიტინგო პარტია, როგორ ფიქრობთ?”, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ “აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ამერიკული მხარის ინტერესთა გათვალისწინებით არ მიუღია”. “გულწრფელად ვფიქრობ, რომ საინტერესო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდია. მათი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხალხს ხალხის ენით, გასაგები ენით ვერ ელაპარაკებიან. არადა, თუ ლიდერი ხარ და იმისთვის მოდიხარ, რომ ერს წარუძღვე, შენ ვალდებულიც ხარ, ხალხს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო. “რესპუბლიკელები” კი ყოველთვის აკადემიური ენით საუბრობენ და ვერ საუბრობენ ისეთი ენით, რომლითაც საზოგადოება მოიხიბლება. სხვათაშორის, ინტელიგენციის ნაწილს “რესპუბლიკელები” მოსწონს, მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. ესეც მესმის.. “რესპუბლიკელებს” თუ ლიდერობა სურთ, ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ესაუბრონ, თუმცა მათი აკადემიური ენა ჩემთვის დასაწუნი არ არის”, – განაცხადა ივანიშვილმა. თელარა გელანტია |
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=87772&Itemid=1