მშიერ ადამიანთა რიცხვი შეერთებულ შტატებში პროცენტულად სამჯერ მეტია ვიდრე ჩინეთში |
|
| (16 ოქტომბერი, 2011) | |
ნიუ–იორკი, 16 ოქტომბერი, „იტარ–ტასის“ კორესპონდენტი იტყობინება: იმ ამერიკელთა რიცხვი, რომლებიც სირთულეებს განიცდიან საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაში, ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან პროცენტულად აშშ–ში მშიერ ადამიანთა რიცხვი სამჯერ აღემატება ჩინეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამგვარი დასკვნები კეთდება კვლევითი სამსახურის „გელაპის“ მიერ, რომლის შედეგებსაც ამერიკული პრესა ავრცელებს.
როგორც ექსპერტები იუწყებიან, კეთილდღეობის საბაზო ინდექსი, რომელიც ასახავს მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების ხელმისაწვდომობას, აშშ–ში სექტემბერში დაეცა 81,4 პროცენტამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ სტატისტიკის წარმოების დაწყების მომენტიდან.
კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა წილი, რომელთაც შეუძლიათ, თავს უფლება მისცენ, გაესინჯონ კერძო ექიმთან, ბოლო სამი წლის მანძილზე 82,5 პროცენტიდან 78,3 პროცენტამდე შემცირდა. სამედიცინო დაზღვევის მქონე ამერიკელთა წილი 85,9 პროცენტიდან 82,3 პროცენტამდე დაეცა. მდგომარეობა ასევე გაუარესდა მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით: კვების პროდუქტების შეძენისას სირთულეებს არ განიცდის მოსახლეობის 80,1 პროცენტი, ეს 1 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2008 წლის სექტემბერში იყო.
ექსპერტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი თავის საკვებით სტაბილური უზრუნველყოფა. „გელაპის“ სამსახურის ცნობით, აშშ მოსახლეობის 19 პროცენტი, ანუ დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი, ამგვარ სირთულეებს განიცდიდა ბოლო 12 თვის მანძილზე. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით აშშ ჩინეთს ჩამორჩება სამჯერ და უფრო მეტად. ჩინეთში მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტს არ შეუძლია საკუთარი თავისა და ოჯახის სტაბილური უზრუნველყოფა საკვები პროდუქტებით. სულ რაღაც სამიოდე წლის წინ სიტუაცია დიამეტრალურად განსხვავებული იყო: 9 პროცენტი აშშ–ში და 16 პროცენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.