Experts

17 მაისი

ივანიშვილი: “სააკაშვილი და ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ქვრივის ქონების გაყოფაში პარტნიორები არიან”

17:06 17.05.2012

PIRWELI.COM.GE

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბორის ბერეზოვსკი გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ქონების გაყოფაში პარტნიორები არიან.

ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, ხელისუფლება ბორის ბერეზოვსკის ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს.

“ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ეს უკვე გააკეთა. ვფიქრობ, ბერეზოვსკიმ ჩემზე რაღაც განცხადებები უკვე გააკეთა. იგი მე პუტინის ხელისუფლებასთან კავშირში მადანაშაულებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი სააკაშვილისნაირ დემოკრატიას ვერ შექმნის. აქ პასუხი მარტივია: ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობარი იყო. შეიძლება, ითქვას, ერთადერთი მეგობარიც კი და პატარკაციშვილის ტელევიზიის – “იმედის” მფლობელი მიხეილ სააკაშვილი გახლავთ. ბერეზოვსკის სწორედ ამისთანა დემოკრატი სააკაშვილი მოსწონს. ბერეზოვსკი და სააკაშვილი პარტნიორები პატარკაციშვილის ქვრივის ქონების გაყოფაში არიან. დღეს ბადრის ოჯახს ბერეზოვსკიც უჩივის და მის ქონებაზე პრეტენზია აქვს. აი, ეს არის მათი თანამშრომლობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ნათია რუხაძე

www.pirweli.com.ge

მამა დავით ისაკაძე გეი პარადის გამართვაში სახალხო დამცველს ადანაშაულებს

16:57 17.05.2012

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამა დავით ისაკაძე დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვაში სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს ადანაშაულებს.

როგორც “პირWელს” მამა დავით ისაკაძემ განუცხადა, “აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლთა მსვლელობა არ ყოფილა”.

“ეს გარყვნილებისა და გახრწნილების ქადაგება იყო. უბრალოდ მონაწილეებმა, აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლთა მსვლელობად წარმოაჩინეს და ეს სახალხო დამცველის დამსახურებაა. გიორგი ტუღუშის ქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს” – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ და აღნიშნა, რომ აქციაზე უამრავი სასულიერო პირი და საზოგადოების წარმომადგენლი იყო მისული, რომლებიც აღნიშნულ გარყვნილებას აპროტესტებდნენ.

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  “იდენტობის”  მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა. მსვლელობის მონაწილეებს გზა საზოგადოების ერთმა ნაწილმა და სასულიერო პირებმა გადაუკეტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს და პლაკატები დაუხიეს.

“ხუთამდე სასულიერო პირმა და ახალგაზრდების ჯგუფმა გადაადგილების საშუალება არ მოგვცა, ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შეურაცხყოფა მოგვაყენეს” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღევანდელი მსვლელობა ორგანიზატორებმა ლოზუნგით,  “თუ გრძნობ სოციალურ პასუხისმგებლობას და გვეთანხმები, რომ პრობლემა ჰომოსექსუალობა კი არა ჰომოფობიაა – შემოგვიერთდი! ჩვენი აქტიურობა საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს აუცილებლად დაამსხვრევს!” გამართეს.

გვანცა ფიფია

http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=6449

დავით დარჩიაშვილი: “გეი აღლუმი” თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა

თბილისი 16:55 – 17.05.12 “ჯი-ეიჩ-ენი”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის შეფასებით, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს “გეი აღლუმი” ის თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ამის შესახებ მან ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ თავისუფალ ქვეყანაში, აქცია სხვების უფლებების შელახვისკენ არ არის მიმართული, არამედ თვითგამოხატვის ფორმაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ვინმესთვის, ის ტარდება ხოლმე.

“ჩვენ ან უნდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ან არა. არ შეიძლება ლაპარაკი, რომ გვინდა დემოკრატია და ამ დროს ეს მარტო ჩვენთვის გვინდოდეს” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება აქციაზე მომხდარ ინციდენტებს, მისი თქმით, ნებისმიერი შეხლა-შემოხლა უკანონობაა და ამას სამართალდამცველები უნდა არეგულირებდნენ.

შეგახსენებთ, დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა “არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილი” გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მსვლელობას ფილარმონიიდან კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით აწყობდნენ, თუმცა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის” წარმომადგენლებმა მათ მეტრო “რუსთაველთან” გზა გადაუკეტეს და მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციას გამვლელი მოქალაქეებიც აპროტესტებდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.

http://ghn.ge/news-66697.html

გეი აღლუმი თბილისში: დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები

NEWS.GE

17-05-2012

რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ მშვიდობიან აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა

ინციდენტის შედეგად ნაცემია აქციის რამდენიმე წევრი, სამი წევრი კი, პატრულმა დააპატიმრა.

აქცია ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.

news.ge “იდენტობის” წევრ ნასტასია არაბულს დაუკავშირდა. არაბული ადასტურებს აქციაზე მომხდარ ინციდენტს და პოილიციის მიერ სამი ადამიანის დაკავებას.

“დღეს პირველ საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილი იყო შეკრება, ჩვენი ორგანიზაცია იყო ორგანიზატორი და ყველა ის ადამიანი უნდა მოსულიყო, ვისთვისაც ჰომოფობია და ტრანსფობია პრობლემაა და თვლის რომ ამის საწინააღმდეგოდ რამე უნდა გაკეთდეს. აქცია იყო მშვიდობიანი, ფილარმონიიდან უნდა წავსულიყავით კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით. გვქონდა ტრანსპარანტები, დროშები, ფერადი ქოლგები. ვიყავით 50-მდე ადამიანი. ჩვეულებრივად წამოვედით, გვხვდებოდნენ ადამიანები რომლებიც გვეკითხებოდნენ ვინ ვართ, რა გვინდა და ა.შ. ვცდილობდით არ შევსულიყავით მათთან კონტაქტში, რადგან პროვოკაცია არ მომხდარიყო. თუ მშვიდობიანი კითხვა იყო ვპასუხობდით. არაბულის განცხადებით, პირველი ინციდენტი ჭოველიძის ქუჩის ასახვევთან მოხდა, სადაც სასულიერო პირებმა ჩვენი მსვლელობა გააპროტესტეს.

“სასულიერო პირები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ ვიღაცეებს ვრყვნით და ა.შ. ჩაერია პატრული და სიტუაცია მეტ-ნაკლებად განეიტრალდა და მსვლელობა გავაგრძელეთ.”-აღნიშნა არაბულმა.

მისი თქმით, მეორე, შედარებით სერიოზული ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა.

“სავარაუდოდ იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან, რადგან ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვეულებრივი ახალგაზრდები სამოქალაქო ფორმაში, რომლებმაც შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი და თქვეს რომ არ გაგვატარებდნენ. ჩვენ გავჩერდით და ვთხოვეთ მათ დაეთმოთ გზა. მერე კიდევ ერთხელ მოხდა დაპირისპირება, სასულიერო პირებმა მოგვაყენეს შეურაცხყოფა.

პატრული იყო მობილიზებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ მოდიოდა ხოლმე, როცა 1-2 კაცი ნაცემი იყო.

არაბულის თქმით, ორგანიზაციის იურისტი სახალხო დამცველის სახელზე მიმართვის ტექსტს ამზადებს, რომელიც გიორგი ტუღუშს გადაეგზავნება.

news.ge მუშაობს თემაზე და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

www.news.ge

გეი აღლუმი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ძალის გამოყენებით დაშალა –ფოტორეპორტაჟი

საეკლესიო პირებმა რუსთაველის გამზირზე გეი მსვლელობის მონაწილეები პროტესტის ნიშნად დაშალეს. მათი თქმით, გეი მსვლელობა და ჰომოსექსუალობის აფიშირება საზოგადოებისთვის დანაშაულია.

„გავიგეთ, რომ მამათმავლები მართავენ აღლუმს, მსვლელობას, ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირების უფლება გვაქვს. უბრალოდ დავდექით აქ, ბუნებრივია ეს არის მძიმე ცოდვა, ამის აფიშირების უფლება არავის არ აქვს, საკუთარ სახლებში ოჯახებში და გარკვეულ შესაკრებლებში რას გააკეთებენ, ეს ჩვენ არ ვიცით“ , – აღნიშნა დეკანოზმა დავითმა.

მისივე თქმით ხალხისთვის ჰომოსექსუალობის მოწოდება აკრძალულია და სასულიერო პირები ამას აპროტესტებენ.

„რაც შეეხება ქუჩაში პლაკატებით სიარულს „მე გეი ვარ“ გახდი ჩემნაირი ეს ქადაგება და მოწოდება არის აბსოლუტურად აკრძალული. ეს არის გეების მოწოდება ხალხი გახდეს მათნაირი, ანუ მოუწოდებენ ცოდვისკენ, ჩვენ ამიტომ ვდგავართ აქ რათა გამოვხატოთ პროტესტი“- , განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სასულიერო პირმა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ექსპრესნიუსის ფოტოკოლაჟი.

მმკ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დაშლას ცდილობს


17-05-2012

რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ მშვიდობიან აქციას, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გადაეღობა.

მათ ხელი შეუშალეს მსვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის სამი აქტივისტი.

წინასწარი ინფორმაციით, აქცია ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.

news.ge “იდენტობის” წევრ ნასტასია არაბულს დაუკავშირდა. ის ადასტურებს ინციდენტს და სამი ადამიანის დაკავებას – “დღეს პირველ საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილი იყო შეკრება, ჩვენი ორგანიზაცია იყო ორგანიზატორი და ყველა ის ადამიანი უნდა მოსულიყო, ვისთვისაც ჰომოფობია და ტრანსფობია არის პრობლემა და თვლის რომ ამის საწინააღმდეგოდ რამე უნდა გაკეთდეს. აქცია იყო მშვიდობიანი, ფილარმონიიდან უნდა წავსულიყავით კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით. გვქონდა ტრანსპარანტები, დროშები, ფერადი ქოლგები. ვიყავით 50-მდე ადამიანი.

ჩვეულებრივად წამოვედით, გვხვდებოდნენ ადამიანები რომლებიც გვეკითხებოდნენ ვინ ვართ, რა გვინდა და ა.შ. ვცდილობდით არ შევსულიყავით მათთან კონტაქტში, რადგან პროვოკაცია არ მომხდარიყო. თუ მშვიდობიანი კითხვა იყო ვპასუხობდით.

პირველი ინციდენტი მოხდა ჭოველიძის ქუჩის ასახვევთან, სადაც სასულიერო პირები მოვიდნენ და გვითხრეს რომ რატომ დავდივართ, რომ ჩვენ რაღაცებს ვრყვნით და ა.შ. ჩაერია პატრული და ინციდენტი მეტ-ნაკლებად განეიტრალდა და გავაგრძელეთ მსვლელობა.

მეორე, შედარებით სერიოზული შეტაკება მოხდა რუსთაველზე, გადავდიოდით “მაკდონალდსთან” ჩამავალ ქუჩაზე. თავიდან ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები იყვნენ, მაგრამ შემდეგ დაგვხვდნენ სასულიერო პირები, სავარაუდოდ იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან, რადგან ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვეულებრივი ახალგაზრდები სამოქალაქო ფორმაში, რომლებმაც შეკრეს ცოცხალი ჯაჭვი და თქვეს რომ არ გაგვატარებდნენ. ჩვენი აქცია იყო მშვიდობიანი, არანაირი სურვილი არ გვქონდა კონფლიქტის და გაურკვევლობის. ამიტომ ჩვენ გავჩერდით და ვთხოვეთ მათ დაეთმოთ გზა. მერე კიდევ ერთხელ მოხდა დაპირისპირება, სასულიერო პირებმა მოგვაყენეს შეურაცხყოფა.

პატრული იყო მობილიზებული, მაგრამ მხოლოდ მაშინ მოდიოდა ხოლმე, როცა 1-2 კაცი ნაცემი იყო. საბოლოო ჯამში ჩვენი რამდენიმე წევრი არის ნაცემი. სამი წევრი დააპატიმრა პატრულმა.” - აღნიშნა ნასტასია არაბულმა news.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, აქცია უკვე დაიშალა. ორგანიზაციის იურისტი ამზადებს წერილს და სახალხო დამცველს მიმართავს.

news.ge მუშაობს თემაზე და მალე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

www.news.ge

თბილისში სექსუალური უმცირესობების აღლუმი არ შედგა, მათ მმკ–ის წევრები გადაეღობნენ

NEWS.GE
17-05-2012

რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ მშვიდობიან აქციას, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გადაეღობა.

მათ ხელი შეუშალეს მსვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა აქციის სამი აქტივისტი.

ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება news.ge-ს გადამღები ჯგუფი და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

წინასწარი ინფორმაციით, აქცია ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა.

www.news.ge

პარლამენტის შენობაში მოქალაქემ ცეცხლმოკიდებული დოკუმენტები შეაგდო

NEWS.GE
17-05-2012

პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში შუახნის მამაკაცმა დოკუმენტებს ბენზინი გადაასხა, მოუკიდა და პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში შეაგდო.

თვითმხილველმა, პარლამენტის აპარატის საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა უზნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოქალაქე გიორგი ჩიხლაძემ პარლამენტს დეკემბერში განცხადებით მიმართა და ოპერაციის დაფინანსებას ითხოვდა.

როგორც უზნაძე ამბობს, პარლამენტმა რეაგირება მოახდინა და განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.

„დღეს კი იგივე მოქალაქე მოვიდა, განმარტების გარეშე დოკუმენტებს ცეცხლი წაუკიდა და ოთახში შემოაგდო. მან გვითხრა, რომ ჩვენ უნდა დავიწვათ და უნდა ამოვიბუგოთ. ცეცხლი მაგიდას მოედო. მოქალაქეთა მისაღებში ორი თანამშრომელი იმყოფებოდა,“ – ამბობს ხათუნა უზნაძე.

ცეცხლი სახანძრო ბრიგადის მოსვლამდე ჩააქრეს. მოქალაქე პარლამენტის დაცვის სამსახურმა დააკავა, ჩიხლაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

რამდენიმე წუთში კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა და როგორც პატრულის თანამშრომლებმა თქვეს, მას შესაბამის ადგილას გადაიყვანენ.

დაკავებული გიორგი ჩიხლაძე ამბობს, რომ 7 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო, ციხეში ყოფნისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შეირყა და დღეს რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებს. მას არა აქვს მკურნალობისთვის საჭირო თანხა და დახმარებისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

მისი თქმით, მან სწორედ ამიტომ „სცადა თავის დაწვა“, რადგან მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავს.

ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მას მიზნად პარლამენტის დაზიანება არ ჰქონია და მხოლოდ საკუთარი თავის დაწვა სურდა.

www.news.ge

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქცია ინციდენტით დაიწყო

IPN.GE

13:48 17-05-2012

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო.

კერძოდ, ერთ-ერთმა გამვლელმა აქციის მონაწილეებს ზნეობისკენ მოუწოდა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

მოქალაქის განცხადებით, ის შემთხვევით შეესწრო აქციას და აღშფოთებულია.

აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია “იდენტობის” წარმომადგენლებმა კი, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და მსვლელობისას არ ჩაერთონ სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებაში.

აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში ფილარმონიიდან მსვლელობას კოლმეურნეობის მოედნის მიმართულებით დაიწყებენ.

როგორც “იდენტობის” გამგეობის თავმჯდომარე ელინა გლახაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღევანდელი აქციის მონაწილეები საქართველოში ჰომოსექსუალების მიმართ სიძულვილს გააპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მ.ხ-მ განაცხადა, იგი ჰომოსექსუალია და საქართველოში ბევრჯერ შექმნია პრობლემა. კერძოდ, მის მიმართ ძალიან ხშირად საზოგადოება ზიზღს გამოხატავს, რასაც დღეს აპროტესტებს.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისიო დღე აღინიშნება.

www.ipn.ge

საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი” 20 მაისის საპროტესო მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

IPN.GE
17-05-2012

11:40 17-05-2012

საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი” 20 მაისის საპროტესო მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის დაკავებასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრების უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ განცხადებებთან დაკავშირებით.

“აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნებია – საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა; საქართველოს მთავრობამ 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესი. ასევე, მოვითხოვთ, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, აცხადებს თუ არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც”, – ნათქვამია განცხადებაში.

მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყება, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გაემართება და საელჩოს წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩისადმი შემუშავებულ სპეციალურ მიმართვას გადასცემს. მსვლელობა გაგრძელდება ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე და შეჩერდება ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც საინიციატივო ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას გადასცემს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მამა დავითზე გაემართებიან და სამშვიდობო პარაკლისს დაესწრებიან.

ამით, საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი” დაასრულებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური სიწმინდის დაცვისთვის ორგანიზებულ პირველ აქციას.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი საქართველო” საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, 20 მაისს, 14:00 საათზე, თავიანთი მხარდაჭერა საავტომობილო სიგნალით გამოხატონ.

“თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, ემიჯნება და გმობს ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლინებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

www.ipn.ge