Experts

მართლმადიდებლური კალენდარი და სახელმწიფო

(1 აპრილი, 2010)

როგორც ცნობილია, ყველა ის ქვეყანა და ხალხი, რომელიც მიეკუთვნება მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ ცივილიზაციას, საბერძნეთის გამოკლებით, ათწლეულების მანძილზე მოცული იყო ოფიციალური სახელმწიფო ათეიზმით. ამ ოფიციალური სახელმწიფო ათეიზმის მოცილების შემდეგ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ და ეკლესიამ თავიანთი პოზიციები უკან დაიბრუნეს, გარეგნულად მაინც.

თუკი გარეგნული ატრიბუტების მიხედვით ვიმსჯელებთ, ე. წ. ტრადიციულმა რელიგიებმა და მათ შორის პირველ რიგში მართლმადიდებლობამ ”სახელმწიფო რელიგიის” ახლო მდგომარეობას მიაღწიეს – მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სახელმწიფოში უმეტეს შემთხვევებში ეროვნულ კონსტიტუციებსა და კანონმდებლობაშია დაფიქსირებული, სახელმწიფოებისა და ეკლესიის მეთაურები სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობენ ერთმანეთთან, სახელმწიფო ეკლესიას აღმოუჩენს ირიბ, და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას, სტიმულს აძლევს ტაძრების მშენებლობას და მრავალი სხვა. მაგრამ უფრო ზუსტად რომ მივუდგეთ საკითხს, საქმე ისე ჩანს, რომ ეკლესია უფროა ახლოს ”სახელმწიფოებრივის” მდგომარეობასთან, ვიდრე რელიგია. სწავლება რწმენის შესახებ – რელიგია, და ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს რელიგიას – ეკლესია – ხომ არც მთლად ერთი და იგივეა. მაგალითისთვის ავიღოთ რელიგიის სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს საკითხი არა ყველგან და არა ყოველთვის უმტკივნეულოდ მიიწევდა წინ და დღესაც პრობლემატურად რჩება, მიუხედავად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობისა. ეს პრინციპში გასაკვირი არც არის – ”სოციალისტური ბანაკის” ქვეყანათა პოლიტიკური ელიტები კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ ხომ იმთავითვე აღმოჩნდნენ დასავლური პროფანიზებული, დექრისტიანიზებული სამყაროს იდეოლოგიური ხუფის ქვეშ, იმ სამყაროსი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რომელიმე რწმენასთან გარდა ნეოწარმართული მატერიალიზმისა და რომელიც ამავე დროს პოსტკომუნისტური სამყაროს კონტროლებისთვის პოლიტიკურ იარაღად იყენებს ”ადამიანის უფლებების” და ”რწმენის თავისუფლების” სლოგანებს. ახალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მშენებლობა დაიწყო და მიმდინარეობს დასავლეთის იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ხალხის მასებში რწმენის აღორძინების ფონზე. მართლმადიდებელი ხალხების პოლიტიკური ელიტები (”თავისუფალი” საბერძნეთის ჩათვლით) მეტად თუ ნაკლებად ჯერ კიდევ შორს არიან იმისგან, რომ თავიანთი ხალხები გაიაზრონ მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილად და არა რაღაც გლობალური ”ფასეულობათა სისტემის” ნაწილად.

მაგრამ ეს ცალკე და სერიოზული კვლევის საგანია, რომელსაც ჩვენ ჩვენი ინსტიტუტის კვლევების ფარგლებში კიდევ დავუბრუნდებით და ალბათ არაერთხელ. ამ ანალიზში კი მოკლედ შევჩერდებით მხოლოდ ერთ საკითხზე, კერძოდ იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებლური ცივილიზაციის სახელმწიფოებს რელიგიური დღესასწაულების მიმართ.

მთლიანობაში სურათი ისეთია, რომ მართლმადიდებლური ”სარტყლის” სახელმწიფოები აღიარებენ რელიგიურ დღესასწაულებს და ამ საზეიმო თარიღებიდან უმთავრესნი სახელმწიფო დღესასწაულთა რანგში ჰყავთ აყვანილი, აცხადებენ რა მათ დასვენების დღეებად. პრინციპში ამით ისინი არანაირად არ განსხვავდებიან დასავლური სახელმწიფოებისაგან, სადაც რელიგიური დღესასწაულები ასევე აღიარებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ მუსლიმურ სამყაროზე ან ებრაულ სახელმწიფო ისრაელზე. მაგრამ ეს აღიარება მხოლოდ გარეგნული, საჩვენებელი, ზედაპირული და ყოველგვარ რელიგიურ საფუძველს მოკლებულია – ისევე როგორც, დასავლეთის სახელმწიფოთა შემთხვევაში, სახელმწიფოები, რომლებიც მართლმადიდებლურ სამყაროს წარმოადგენენ, თავს არ იწუხებენ თავიანთი მხრიდან ამ საზეიმო დღეების რეალური შინაარსით შევსებით. რა გვაქვს მხედველობაში: მაგალითად, ვნების კვირაში, როდესაც დიდი პარასკევი და დიდი შაბათი დასვენების დღეებად არის გამოცხადებული, არავის თავში აზრადაც არ მოსდის, ამ პერიოდში შეზღუდოს კაზინოს, რესტორნის, ღამის კლუბის და ა. შ. ტიპის დაწესებულებების ფუნქციონირება. მაგრამ ვნების კვირა და განსაკუთრებით ვნების პარასკევი ქრისტიანებისთვის ხომ ძალზე მძიმე დღეებია – ყველაფერში – კვებით დაწყებული გართობით დასრულებული, მაქსიმალური თვითშეზღუდვის დროა. ლიბერალები, ათეისტები და შესაძლოა, ბევრი მორწმუნეც დაგვიპირისპირებს არგუმენტს: ”რატომ უნდა აუკრძალოს სახელმწიფომ ყველას იმის კეთება, რის კეთებაც სურს? დაე მორწმუნეებმა მოახდინონ საკუთარი თვითშეზღუდვა და არა სახელმწიფომ შეზღუდოს ყველა”.

ამაზე ჩვენი კონტრარგუმენტია: თუკი ჩვენ თავს მოვიაზრებთ მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად და როგორც ხალხი (და არა მხოლოდ ინდივიდუუმის დონეზე) ვუწოდებთ თავს მართლმადიდებლებს, მაშინ თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ და ჩვენი თვითიდენტიფიკაცია უნდა გავამყაროთ ზოგიერთი სიმბოლური ჟესტით, მათ შორის სახელმწიფო დონეზე (კალენდარი, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმბოლიზმთან). ხალხი და სახელმწიფო ხომ განუყოფელია, და სახელმწიფო ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. დიახ, უკეთესი იქნებოდა, ყველა თავადვე რომ იზღუდავდავდეს თავს – კაზინოს ყველა მომხმარებელმა ნებაყოფლობით რომ თქვას უარი ამ დღეებში კაზინოში წასვლაზე და თავად კაზინოს მფლობელებმა რომ ნებაყოფლობით დახურონ თავიანთი დაწესებულებები… მაგრამ საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანი სულმოკლეა და ცდუნებისკენ არის მიდრეკილი (ჩვენი ინიციატივის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ნაკლოვანებებთან ბრძოლა), არამედ ის, რომ სახელმწიფომ უნდა გამოყოს აქცენტები და პრიორიტეტები, მიმართოს სიმბოლურ ქმედებებს. სახელმწიფოს მხრიდან ვნების კვირიაკის დიდ დღეებში საცთურის შეზღუდვა სწორედ ასეთი სიმბოლური ქმედება იქნებოდა.

ვფიქრობთ საკითხის ამგვარ დაყენებას ბევრი არაეკლესიური ადამიანი და თვით ათეისტიც დაეთანხმება, ისეთები, რომლებიც ღვთის შესახებ თავიანთი წარმოდგენების და რწმენისგან დამოუკიდებლად საკუთარ თავს აღიქვამენ როგორც პიროვნებებს, რომელთა ჯამიც ისტორიულად ქმნის მართლმადიდებლურ კულტურასა და ცივილიზაციას, და არა როგორც გლობალისტური უნივერსალიზმის პროდუქტებს, ინდივიდუუმებს ”ფესვების გარეშე”. ამას უნდა დაეთანხმონ პოლიტიკოსებიც, რომლებსაც ესმით და აღიარებენ რელიგიის ძალას მასების დარაზმვისა და მობილიზაციის საქმეში. მით უფრო, რომ ამგვარი დარაზმვა და მობილიზაცია აშკარად პოზიტიური და არა დესტრუქციული ხასიათისაა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ევრაზიის ინსტიტუტი წინადადებით მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალებს, დაიწყონ შემდეგი პროექტის განხილვა, რომელსაც პირობითად ვუწოდეთ ”რელიგიურ თარიღთა პაკეტი”:

1. გასართობი და გასტრონომიული მოქმედებების შეზღუდვა დიდ პარასკევთან და დიდ შაბათთან დაკავშირებით

დიდ პარასკევს, რომელსაც ხალხში ”წითელ პარასკევსაც” უწოდებენ, ჯვარცმულ იქნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეს არის განსაკუთრებული სინანულის და უფლის წინაშე საკუთარი ცოდვისა და დანაშაულის გაცნობიერების გამორჩეული დღე. დიდ შაბათს ქრისტიანები უშუალოდ ველით ღვთის აღდგომის დღის დადგომას. ამ განსაკუთრებული სინანულისა და ლოცვის დღეებში სახელმწიფო აწესებს შემდეგი სახის შეზღუდვებს:

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა პარასკევსა და შაბათს ფუნქციონირებას წყვეტს ყველა სათამაშო დაწესებულება, ტოტალიზატორი, ღამის კლუბი, საცეკვაო მოედანი, ბარი და რესტორანი (ამასთან ნებადართულია იმ კვების ობიექტების ფუნქციონირება, რომლებშიც არ სთავაზობენ ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე შოუ-პროგრამებს);

- სახელმწიფო არ აფინანსებს და ორგანიზებას არ უკეთებს არც ერთ გასართობ ღონისძიებას (კონცერტებს, სახალხო სეირნობებს, სპორტულ ღონისძიებებს და ა. შ.);

- ტელე- და რადიომაუწყებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, თავი შეიკავონ გასართობი გადაცემების ჩვენებისგან და აქცენტი გააკეთონ შემეცნებით, საგანმანათლებლო დანიშნულების გადაცემებზე.

2. ახალი წლის განსაზღვრა

სახელმწიფო ახალი წლის დასაწყისად აღიარებს 1 იანვარს. მაგრამ საეკლესიო (იულიუსის) კალენდრის მიხედვით ახალი წელი მოდის 14 იანვარზე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იესოს წინადაცვეთას (თუმცა თავად ახალი საეკლესიო ახალი წლის დაწყება სექტემბერში აღინიშნება). სახელმწიფო ერთის მხრივ პატივს სცემს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის ტრადიციებსა და მორწმუნეთა გრძნობებს, მეორეს მხრივ ვერ ცვლის ახალი წლის აღრიცხვას, რადგან ეს დაკავშირებული იქნებოდა საქმეთწარმოებაში პრობლემების წარმოქმნასთან, ადგილი ექნებოდა სხვადასხვა გაუგებრობებს. ამიტომ სახელმწიფო პოულობს შუალედურ გამოსავალს”

- კალენდარული ახალი წლის დასაწყისად 1 იანვარი რჩება, მაგრამ 1 და 2 იანვარი ცხადდება სამუშაო დღეებად. სახელმწიფოს მხრიდან საზეიმო ღონისძიებების მოწყობის პრაქტიკა წყდება. მუნიციპალური ორგანოები ქალაქების მთავარ მოედნებზე აღარ დგამენ საახალწლო ნაძვის ხესა და მორთულობას;

- ოფიციალური საახალწლო ზეიმი ცხადდება მართლმადიდებლური (იულიუსის) კალენდრის მიხედვით  ანუ 14 იანვარს (ამ გზით ადამიანების ცნობიერიდან იშლება აბსურდული ტერმინი ”ძველი ახალი წელი” – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა). 1 და 2 რიცხვების ნაცვლად უქმე დღეებად ცხადდება 14 და 15 იანვარი. ყველა სახელმწიფო ღონისძიება, რომელიც აქამდე 1 და 2 რიცხვებისთვის იგეგმებოდა, გადატანილ იქნება 14-სა და 15 რიცხვებისთვის.

აი მთელი ეს ”პაკეტი”. ვფიქრობთ, რომ აქ ნათქვამის განხორციელება იოლადაა შესაძლებელი – რასაკვირველია, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ამ ცვლილებების დადებითი მხარეები აშკარაა. მისადმი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ჩამოყალიბებულ დასავლეთუმეებს თუ შეუძლიათ, რომელთაც სძულთ ყოველივე ქრისტიანული და ადამიანური.

1 აპრილი, დიდი ხუთშაბათი, 2010 წელი



Опубликовать в LiveJournal

კომენტარი

  1. კომენტარის ავტორი: ნოდარ გუგუციძე

    ძალიან კარგი შენიშვნაა, რომელიც კარგა ხანია ერში მომწიფებულია, ინიციატივა მშვენიერია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: ეკლესია ახალი წლის დადგომას აღნიშნავს 1(14) სექტემბერს.

  2. კომენტარის ავტორი: რედაქცია

    დიდი მადლობა ბატონო ნოდარ, იგივე შენიშვნა მოგვცა ქალბატონმა ნანა დევდარიანმაც. თქვენი შენიშვნის გათვალისწინებით ტექსტში შესწორება შვიტანეთ, რათა გასაგებად გამოვთქვათ ჩვენი სათქმელი:
    იულიუსის კალენდარი, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ნიკეის საეკლესიო კრებაზე იქნა სავალდებულოდ აღიარებული. სწორედ ამ აზრით ვუწოდებთ ჩვენ იულიუსის კალენდარს მართლმადიდებლურ, საეკლესიო კალენდარს, იმისგან დამოუკიდებლად, რომ უშუალოდ საეკლესიო ახალი წელი იანვარში არ იწყება. ასე ვთქვათ: 14 იანვარს იწყება საერო ახალი წელი მართლმადიდებლური – იულიუსის კალენდრის (იგივე ”ძველი სტილის” კალენდარი) მიხედვით. კიდევ ერთხელ მადლობა საქმიანი და საჭირო შენიშვნისათვის.

  3. კომენტარის ავტორი: ოთარ შენგელია

    რაღაცა მართლაც გასაკეთებელია. ან ისე, როგორც სტატიაშია, ან ეკლესიის კალენდარია შესაცვლელი. სამწუხაროდ, არც საერო და არც საეკლესიო ძალები არაფრის გაკეთებას აპირებენ.
    ყველაფერი ორ-ორი და სინამდვილეში არცერთი…

  4. კომენტარის ავტორი: alysqandaria

    ცეცხლითა და მახვილით ხომ არ მოგვენათლა ქვეყანა?!!!
    ვაი შენს პატრონს, მოძალადე ხარ, მართლმადიდებელი კი არა!!!

  5. კომენტარის ავტორი: სახელი (აუცილებელია)

    კატეგორიულად არ ვეთანხმსები ამ ინიციატივას.
    ე.ი. მძულს ყოველივე ქრისტიანული და ადამიანური?

  6. კომენტარის ავტორი: შეტევა ევროპაში ქრისტიანობის უკანასკნელ ნარჩენებზე | geurasia.org

    [...] [...]